ჩემს სოფელში გაფანტული მარგალიტები....

  ,,ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო,მას უეჭველია,არ უყვარს თავის მშობელნიცა,თავის წინაპარნიცა,თავის მამულიცა,ენა არის შემნახველი მამა-პაპის ყოფა-ცხოვრებისა,მათი სარწმუნოებისა, ჩვეულებისა.ესეიგი,თვით ისტორიაა.თუ კაცმა არ იცის მამა-პაპის ენა,მაშ როგორ უნდა იცოდეს,ვინ იყვნენ მისი მამა-პაპები,როგორ ჰსცხოვრობდნენ,რას ლაპარაკობდნენ,რას იმღეროდნენ,როგორ ებრძოდა ეს პატარა საქართველო სპარსთა,არაბთა,ოსმალთა?! (გრიგოლ ორბელიანი)                        დიახ, დედაენის ჯადოსნური ძარღვი ჩვენ გვაერთებს შორეულ წინაპრებთან,ამიტომ შეუძლებელია,ადამიანს განსაკუთრებულად არ უყვარდეს თავისი ხალხის ისტორიის ნათელი სარკე,თავისი აზრის,გონების,თვისების სულიერი სიმდიდრის გამომხატველი,ერის რაობის დამცველი მშობლიური ენა.ვინ იცის,წინაპართა ბაგით ნათქვამი რამდენი სიტყვა გადმოსცემია თაობებს,რომელიც სამუდამოდ რჩება შთამომავლობას,რისი წყალობითაც შეიძლება შევიცნოთ ჩვენი წინაპრების ბედი თუ უბედობა,სიხარული თუ მწუხარება,სიყვარული თუ სიძულვილი.ენის ბუნებასა და ისტორიას ყველაზე  მკაფიოდ ფიგურალური სიტყვა-თქმანი გამოხატავენ.
      ქართული ენა თავისი ლექსიკითა და თქმის ხატოვანი თვალსაზრისით ერთ-ერთი უმდიდრესი ენათაგანია.ხატოვანი სიტყვა-თქმანი ამდიდრებენ და ამრავალფეროვნებენ ენის საერთო ლექსიკას ,ჩემი აზრით,ხატოვანი სიტყვა-თქმანი ასახავს ენის სურათს,მის შინაგან თვისებას,მის სიცოცხლისუნარიანობას.
    ქართული ენა შეუდარებელი ენაა ამ მხრივ,ქართულში ერთი მხრივ  გვაქვს ისეთი სიტყვები,რომელთაც გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ,მეორე მხრივ გვაქვს გადატანითი მნიშვნელობის სიტყვათშეთანხმებანი,რადგან სიტყვა ჩვეულებრივ ფრაზაში იხმარება,ზოგჯერ მნიშვნელობა ამ ფრაზისა გაქვავებული სახით ყალიბდება,ამ გაქვავებულ ფრაზებში ცალკეულ სიტყვებს დაკარგული აქვთ თავისი მნიშვნელობა და ერთ სემანტიკურ ერთეულს ქმნიან.ასეთი ლექსიკური ერთეულები,რომლებიც თანამედროვე სიტყვათშეხამებაში აღარ გვხვდება,შემონახულია გაქვავებულ კონტექსტში,როგორც გადმონაშთი ენის ძველი ლექსიკური შემადგენლობისა.
    ეს ხატოვანი სიტყვა-თქმანი იდიომები, ჩვენი წარსული საზოგადოების ცხოვრების ამსახველია.ხალხის თავგადასავალი,ურთიერთობა,ზნე-ჩვეულებანი,ყოფის რეალურობა არსად ისე მკვეთრად არ ჩანს,როგორც ფიგურალურ თქმებში,მათი შეგროვება  არაა ისე იოლი,როგორც ზღაპრისა,ან ლექსისა,რადგან ზღაპარს,ლექსს,ბალადას თუ სხვას მთქმელი ყვება თავიდან ბოლომდე,ეს ხატოვანი ფრაზები კი გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროების დროს, შესაფერისი აზრის დასადასტურებლად ან უარსაყოფად იხმარება.
     მე შევეცადე,შემეკრიბა ჩემი სოფლის მცხოვრებთა ფიგურალური სიტყვა-თქმები,რომელთაც განზოგადებული მნიშვნელობა მიუღიათ და იდიომურ სიტყვებად დამკბიდრებულან.რამდენად საინტერესო და საყურადღებოა ჩემი ნამუშევარი ,განსჯა თქვენთვის მომინდვია.
                                                                         
   1)აგიხდია თავსაფარი-ურცხვი ხარ.
   2).ააგდო ქვა და შეუშვირა თავი--გაჯიუტდა
                                                                          ბ
1)      ბრიყვის საკითხავი და ჭკვიანის მოსახმარისი--უაზროდ შემკითხავს ეტყვიან
                                                                     გ
1)გავარდა ყურში--არ მოისმინა
2)გულზე ცეცხლი მიკიდია--გამწარებული ვარ
3)გული მოიფხანა--ჯავრი ამოიყარა
4)გადამვარდა გულზე--დამავიწყდა
5)გულისჯავრი ამოიყარა--სამაგიერო გადაუხადა
6)გული გადმოუტრიალა--შეეშინდა
7)გულს ვარდი გადაეყარა--ესიამოვნა
8)გულზე ეფონა--დარდი შეუმსუბუქდა
                                                                    დ
1)დაეტიე შენს ტყავში--სხვის საქმეში ნუ ერევი
2)დედის ხსენი არ შერჩა მუცელში--ძლიერი ღებინება ჰქონდა
                                                                     ე
1)ენა ტყლაპივით აქვს--სხვის საქმეში ნუ ეჩრები
2)ეგ არის და გორის ციხე--დამთავრდა საქმე
                                                                     თ
1)თავბდღვირს იჩენს--ძლიერ ჩქარობს
2)თავზე ცეცხლი მიკიდია--მოუცლელი ვარ
3)თავისი ალია მოიჭამა--მაგის დრო წავიდა
4)თვალები გადმოუცვივდა--გაუკვირდა
5)თავზევით ღონე აღარ არის --მეტს ვეღარაფერს შევძლებ
                                                                     ლ
1)ლომის ხახაში ჩავარდა--არ დაზოგავენ
                                                                      მ
1)მარჯვენა მომჭრა-ხელი შემიშალა მიზნის განხორციელებაში
2)მაჭანკლები არ გამიბრუნო უკან-ვერაფერს დამაკლებ
3)მოღმერთი და ვერ მოვარჯულე--ვერ დავითანხმე
4)მწყერი შეიწვი თუ გეწყინა--შენს წყენას არაფრად ვაგდებ
5)მზე თოხისტარზეა--თოხისტარის სიგრძეზეა ამოსული ცაზე
                                                                      ო
1)ოქროს გული აქვს--კეთილია
2)ორცეცხლს შუა არის---გამოუვალ მდგომარეობაშია
                                                                       პ
1)პარახოდი არ ჩამიძირო ზღვაში--ვერაფერს დამაკლებ
2)პირზე ბოქლომი დაადო--გაჩუმდა
3)პირში ჩალა გამოავლო--მოატყუა
                                                                        რ
1)რა მინდა და შენი გამონაცვალი ხალათი--შენ რა გაქვს,მე რას მომცემ
                                                                         ს
1)სული გაკმინდა--გაჩუმდა
2)სირცხვილით დაიწვა--ძლიერ შერცხვა
3)სად იწვიმა?--შეეკითხებიან ნასვამ ადამიანს
4)სისხლი გაუშრო--შეაწუხა
                                                                                           
1)ტყემალზე ზიხარ და ბალს ჭამ--აზრზე არ ხარ
                                                                                            
1)უფრთხო ანგელოზები--შეაშინა
                                                                         ფ
1)ფარანი სად ჩაგიქრა?--ეტყვიან დაგვიანებულს
2)ფეხი გადაუბრუნდა--დამარცხდა
                                                                                           ქ
1)ქვა და კოხივით შეხვდა--უტეხია
2)ქუდი ჭერში ისროლა--ძალიან მოილხინა
                                                                          ყ
1)ყველა ოჯახში დუღს ერთი ქვაბი მდუღარე--ყველა ოჯახს აქვს რაღაც გაჭირვება
2)ყურებიდან ბამბა გამოიღო--გამოფხიზლდა
                                                                                             
1)ხარის კუდზე დანა გატეხა--კარგად დაწყებული საქმე გააფუჭა
                                                                                             
1)შეჯდა ჯირკზე--გაჯიუტდა
2)შენი ხმალი ჩემი კისერი--თუ გიმტყუნო კისერი ხმლით მომჭერი
                                                                           ჩ
1)ჩემს თავზე კევრი მოატრიალე--შენგან ისე ვარ დავალებული,რომ ყველაზე ძნელ საქმესაც კი არ დავერიდები
                                                                                            ც
1)ცეცხლში ჩადგა--გაჭირვებაში ჩავარდა
2)ცხენი და კაცი გაუგზავნა--ოღონდ სტუმრებოდა და მის მოსაწვევად ყველაფერი იღონა
3)ცას უკიდია ხელი--ბედნიერია
                                                                           ძ
1)ძაღლის ბედი აქვს--იღბლიანია
2)ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირე--იტყვიან ხსენების დროს, რომ ვინმე გამიჩნდება
3)ძირი გაიარა-მოკვდა,განადგურდა.
ერის ნიჭი,თვისება, ქცევა ენაში იხატება,ამიტომ ქართული ენაა ქართველი კაცის ხასიათი,ქართული ხუროთმოძღვრება,ქართული მიხვრა-მოხვრა,ქართული ცეკვა,რაც ენას ესოდენ  დახვეწილ,მდიდარ და სრულყოფილ სახეს აძლევს.
                                                                      მე-11 კლასის მოსწავლე ჟორა ჩხიტუნიძე
                                                                      მასწავლებელი სულიკო მიშველიძე
                            

No comments:

Post a Comment