,,რაც წარსულმა გიანდერძა შენ მომავალს შეუნახე"...

                                             (ჩემი სოფლის ტოპონიმები)
,,ზეპირსიტყვიერება--წერდა აკაკი წერეთელი--არის სარკე ჩვენის წარსულისა,როგორც ხორციელის,ისე სულიერის.ამის დაკარგვა და დავიწყება ჩვენი სიკვდილია და თუ სიკვდილი არ გვინდა უნდა მალე მივეშველოთ და შევაგროვოთ,რითაც ბევრ მარგალიტს შევიძენთ საშვილიშვილოდ ხელიხელსაგოგმანებელს“
   ხალხური სიბრძნე მართლაც მარგალიტივითაა გაბნეული ხალხში,ამაში დავრწმუნდი მაშინ,როცა მასწავლებლის დავალებით პროექტზე მუშაობა დავიწყე და თავი მოვუყარე ჩემი ლამაზი სოფლის ტოპონიმებს,მათ წარმომავლობასთან დაკავშირებულ ყველა ცნობილ ლეგენდასა თუ გამონათქვამს.ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოვიძიე და მივხვდი,რომ ტოპონიმიკა წარმოადგენს უძვირფასეს წყაროს ამა თუ იმ ენის ისტორიის კვლევისათვის,სწორედ ტოპონიმიკა გვეხმარება, თურმე ,ისტორიული წარსულის აღდგენაში,იგი ერთგვარად მიწიდან ამოზრდილი სახელებია,რომელიც ხალხთა ისტორიას,ყოფასა და ცხოვრების დამახასიათებელ თავისებურებას ინახავს.სწორედ ამას გულისხმობს გურამ ბედოსვილი როცა წერს: ,,ტოპონიმებში მისი შემქმნელი და მომხმარებელი ხალხის ძველი და საინტერესო თავგადასავალია მოთხრობილიო“.
   ჩემი მშობლიური სოფელი ჭალაა,რომელიც იმერეთის რეგიონს ,კერძოდ,საჩხერის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება და საკმაოდ დიდ სოფლად ითვლება,რომლის შემადგენლობაში შედის სოფლები:საკოხია,ღონა,დრბო,დარყა,სპეთი,ჯრია,პერევი და სხვა. ჭალა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით წყლისპირ,ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს,სწორედ ასეთია ჩემი ჭალაც.მას უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქარტველოს ეკონომიურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.აქ ჩამოყალიბდა არა მარტო ხეობისთვის დამახასიათებელი ზნე-ჩვეულებანი,არამედ ის ტოპონიმები,რომელთა შესახებ ლეგენდები და გადმოცემები მოგვითხრობენ.აი,ზოგიერთი მათგანი:
       ყვირილა--იმერეთის მაღლობის ყველაზე დიდი მდინარეა,რომელიც ერწოს ტბიდან იღებს სათავეს.მდინარე ყველაზე წყალუხვი აპრილშია,როცა კოკისპირული წვიმები თოვლის დნობას აჩქარებს.ამ დროს მდინარე ხმაურით მოედინება,გადმოდის ნაპირიდან და ხშირ შემთხვევაში ზიანს აყენებს მოსახლეობას,ნათესებს,ამიტომ მას ,,ყვირილა“ უწოდეს.მას იმდენად ხმაურიანი დინება აქვს,რომ უნებურად პოეტის სიტყვები მოგაგონდება: ,,არ იყვიროს? აბა რა ქნას,გზა კლდეებით გარაგვია“

                                           სოფელი ჭალა და მდინარე ყვირილა



      სამზიარი--სამი ძმის საზიარო ადგილი
 საჯვარე-- სოფლიდან მოშორებით,მაღლობზე ,ადრე ჯვარო ყოფილა,სადაც ეკლესიიდან წამოსული მღვდელი ისვენებდა და ლოცულობდა.ამ ადგილს ახლაც საჯვარეს ეძახიან.აქ ასულს ბუნების მშვენიერებით გული გაგინათდება და მართლაც შეუძლებელია არ შეისვენო.
   საბეგის წყალი--მდებარეობს სხეპრისძირში, (მთის სახელია)  სადაც ჭალელ მწყემსებს პირუტყვი  საბალახოდ აჰყავთ ხოლმე.მწყემსებს თავს ესხმოდნენ თურმე თათრები და პირუტყვს იტაცებდნენ.მწყემსებიც თავს იცავდნენ და ერთ-ერთი თავდასხმის დროს მათ თათრის ბეგი მოუკლავთ,ამ ადგილზე ყოფილა წყალი და ამის შემდეგ ამ წყლისთვის საბეგის წყალი დაურქმევიათ.
       დათვიმარანი-- ეს დიდი ხნის წინ მომხდარა... ერთ საღამოს ოჯახის დიასახლისს მარნიდან რაღაც უცნაური ხმა გაუგონია,მეუღლისთვის უთქვამს: ,,ე,კაცო,დათვია მარანშიო“ ამის შემდეგ ამ ადგილს ,,დათვიმარანი“ დარქმევია,ასე მოიხსენიებენ დღესაც.
     იფხორა-- ძველად თურმე ჩვენს სოფელში ერთი ლეკი შემოსულა.ხალხს ერთი გნიასი შეუქმნია- ,,ლეკი შემოსულა,ლეკიო“.ლეკს შეშინებია და აფხორილა ,ახლა ამაზე აყაყანებულა ხალხი ,,აიფხორა,აიფხორაო“ და ამის შემდეგ ამ სოფელს იფხორას უწოდებენ.
      წაბლნარი--ბევრი წაბლის ხის გამო ამ ადგილს წაბლნარი დარქმევია.აქ სხვა მცენარეს მართლაც იშვიათად თუ ნახავს კაცი.
  ლაბაური--ადრე ჭალაში ცხოვრობდნენ გვარად ლაბაძეები,ეს გვარი გადაშენებულა,მათგან მხოლოდ ერთი გლეხი დარჩენილა,რომელიც დაბლა ,ვაკეზე ჩამოსახლებულა,მაგრამ მათ ნასახლარს დღესაც ლაბაური ჰქვია.
     კოდისწყალი- სოფელ დრბოში ჭალის მოსახლეობას ყანები აქვს, (ჭალიდან მოშორებითაა,მაღლობი ადგილია) ახლო-მახლო კი წყალი არსად არ ყოფილა,რაც აბრკოლებდა მშრომელ ხალხს,ამიტომ ერთ ადგილზე პატარა ჭის მსგავსი ორმო გაუთხრიათ და შიგ ხის კოდი ჩაუდგამთ,რომელიც წყლით გავსილა.იმ დღიდნ ხალხი ამ წყალს ხმარობს და სახელიც  შესაბამისი  შემოუნახავს.
  ამირასხევი--ამ ადგილის სახელი ორნაირად შემოუნახავს ხალხურ სიბრძნეს.ერთი,თითქოს ,აქ ვინმე ამირანს უცხოვრია და მის გამო დარქმევია, მეორე კი ისაა,რომ როცა არაბები შემოსევია საქართველოს ეს ადგილი ამირას,არაბთა მთავარს დაუსაკუთრებია და ამიტომაც დაურქმევიათ ,,ამირასხევი“
         ღონა-- ჭალის თემის სოფელია,ეს სახელი კი ამ ადგილს დარქმევია იმის გამო,რომ ადრე დიდი ხეებით ყოფილა გარშემორტყმული ,საცხოვრებლად, რახან არ იყო პირობები, არ მოწონებიათ და დაღონებულან, მას შემდეგ ამ ადგილს შემორჩა სახელი ,,ღონა“,სადაც ამჟამად საკმაოდ მჭიდრო მოსახლეობაა.
      ცულიყუა--მდებარეობს პერანგა მთის ახლოს.აღნიშნულ ადგილზე არის დიდი ტყე,ღრმა ღელეები,საიდანაც მოსახლეობა შეშას ეზიდებოდა.ერთხელ მამაკაცები შეშის მოსატანად წასულან ამ მთაზე,ერთ გლეხს ცული გატეხია და მხოლოდ ტარიზე დაგებული ყუა შერჩენია ხელში.ამხანაგს კი მასხრად აუგდია,,ე,ბიჭო,ყუა გიჭირავს ხელში,მაგით აპირებ შეშის შეგროვებასო?“ და ასე შერქმევია ამ ადგილს ,,ცულიყუა“
        ლაშიღელე -- მდებარეობს სოფელ ჭალის ტერიტორიაზე .ადრე ერთ მაღლობზე პატარა მლაშე ტბა ყოფილა.ამ ტბიდან მოედინებოდა ღელე,რომელსაც სიმლაშის გამო ლაშიღელე უწოდეს და ეს სახელი აქვს დღესაც.
       სპეთი-- ჭალის თემის სიფელია,რომლის სახელის შესახებ მეტად საინტერესო ცნობაა შემორჩენილი,ამბობენ,რომ თვით თამარ მეფეს და მის ,,სპას“ (ჯარს) ძლიერ ყვარებია აქ სიარული,ამიტომ მათი ხშირი სტუმრომის გამო უწოდებიათ სოფლისთვის ,,სპაეთი“.დროთა განმავლობაში კი სიტყვას სახეცვლილება განუცდია და სახელად სპეთი დარჩენილა.
        სოფლის უხუცესები სიამაყით იმასაც ამბობენ,რომ თამარ მეფე სოფლის ისტორიული ძეგლის,ზედამაცხოვრის (მე-11 საუკუნის ძეგლი) ეზოშია დაკრძალულიო.

                                                                     სოფელი სპეთი


  სპეთის ზედა მაცხოვარო-- მე-11 საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიაა.საყურადღებოა ამ ტაძრის  აგების ისტორია.იგი აშენებულია მოპირდაპირე მხრიდან ,,ქვისათხრიდან“ (ეს სახელი აქ უამრავი ქვისა და ლოდების არსებობის გამო დარქმევია) გამოტანილი ქვით,რომელიც 5 კმ-ითაა დაშორებული აღნიშნულ  ელკესიას.გადმოცემის თანახმად მშენებლობისას მუშები ერთმანეთის გვარდი-გვერდ ,მწკრივად დამდგარან და 5 კმ-ის მანძილზე  ლოდები ხელიდან-ხელში გადაუწოდებით  და ასე აუგიათ ეს ეკლესია. ერთ მუშას ქვა ხელიდან დაცურებია ,რომელიც დაგორებულა და შუა სოფელში,უზარმაზარი კაკლის ხის ქვეშ გაჩერებულა.ხალხს ამ ადგილისთვის ,,ხატიკაკალი“ უწოდებია და წმინდა ადგილად შეურაცხავს.ასეთივე სიწმინდით გადმოუცია შთამომავლობისთვის და დღესაც არ განიცდის მლოცველთა მიერ ანთებული სანთლის სიმცირეს ეს მშვენიერი,დალოცვილი და მადლიანი ადგილი.

                           მე-11 საუკუნის  ისტორიული ძეგლი ზედა მაცხოვარი


                                                 ასე გამოიყურება დღეს ,,ხატიკაკალი           


       ნასახტრი--ეს ადგილი სოფელ სპეთში, კრაველიძეების უბანში,ამაღლებულ გორაზე მდებარეობს,არავის ახსოვს თუ როდის იყო აქ სალოცავი საყდარი,თუმცა ის კარგად იციან,რომ აქედან არაფრის აღება და გატანა არ შეიძლება,ყველა დიდი მოკრძალებით მიდის სალოცავად,სადაც მხოლოდ ერთი ლოდიღაა შემორჩენილი იმ უძველესი საყდრისა,რომლის სასწაულების შესახებ უხუცესებსაც მხოლოდ შორეული წინაპრებიდან გაუგიათ და ამ წმინდა ადგილს დღესაც დედახვთისას ნასაყდრალად მოიხსენიებენ.ეს წმინდა ადგილი სოფლის და განსაკუთრებით კრაველიძეების მფარველ ადგილადაა აღიარებული ,ამიტომ აღნიშნული გვარი ყოველი წლის სექტემბერს იკრიბება და გვარის მფარველობას თხოვს ნასახტრის ძლიერებას.

                             ასეთია დღეს  ნასახტრი, დედაღვთისა

            აი,ესაა ის მცირე ჩამონათვალი რისი შეგროვებაც შევძელი, და ვფიქრობ,ჩემი სოფლის ტოპონიმების,მათ წარმომავლობასთან დაკავშირებული ლეგენდასა  თუ ტოპონიმების მნიშვნელობის ახსნით ჩემ მოკრძალებულ წვლილს შევიტან ჩვენი  კულტურული მემკვიდრეობის  შენარჩუნებისა და გამდიდრების საქმეში.

                                                                              ირმა ნადირაძე --- XII კლასის მოსწავლე
                                                                              მასწავლებელი-ირმა კრაველიძე


                    

No comments:

Post a Comment